ჩვენ

მედია წიგნიერება დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი მახასიათებელია, მედიის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კი საზოგადოების მედია წიგნიერების დონეზე დამოკიდებული უმნიშნელოვანესი პროცესებია.
ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, მსოფლიო მედია წიგნიერების დაბალ დონესთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დადგა. დეზინფორმაცია, ყალბი ამბების გავრცელება, მედია პროპაგანდა, ამ პროცესებმა საფრთხე შეუქმნა ყველა სახელმწიფოსა და საზოგადოებას, მათ შორის ქართულ დემოკრატიას და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამგვარი რისკების მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან ახალგაზრდები, რომლებიც სოციალურ მედიას, როგორც ინფორმაციის პირველად წყაროს ისე იყენებენ.
PEOPLE IN NEED საქართველოს მისიამ, ამ გლობალურ პრობლემასთან საბრძოლველად, OWIS (One World In School) ის სასწავლო მეთოდოლოგიის მიხედვითა და რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით შექმნა სახელმძღვანელო, რომლის ფოკუსი ადამიანის უფლებები და მედია წიგნიერებასთან დაკავშირებული გამოწვევებია.
ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო ახალგაზრდებთან სამუშაოდ, რომელიც სწავლების პროცესში დოკუმენტური ფილმების გამოყენებას და ამ გზით კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას და მედია წიგნიერებაზე ინფორმაციის ამაღლებას გულისხმობს.
ჩვენს მიერ შერჩეული ხუთი დოკუმენტური ფილმი და სამ ენაზე შექმნილი სახელმძღვანელო აქტიურად გამოიყენება საქართველოს რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების და ახალგაზრდული მუნიციპალური ცენტრების პლატფორმებზე.
2011 წლიდან ამ დრომდე, გადამზადდა 1500 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, პროექტის ფარგლებში გამართულ სასწავლო ჩვენებებზე ჩართული იყო 15 000-მდე სკოლის მოსწავლე, OWIS-ის სასწავლო მეთოდოლოგია წარმატებით დაინერგა 50-მდე სამოქალაქო ორგანიზაციასთან და რეგიონში მომუშავე მუნიციპალურ ახალგაზრდულ ცენტრებთან.
PEOPLE IN NEED საქართველოს მისიის OWIS-ის პროექტების ფარგლებში შეიქმნა ვიდეოთეკა, რომელიც აერთიანებს 60 დოკუმენტურ ფილმს, აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის თუ საინიციატივო ჯგუფისთვის ვინც განიზრახავს ადამიანის უფლებების შესახებ საინფორმაციო/სალექციო კურსის ჩატარებას არაკომერციული, სასწავლო მიზნებისთვის.
მიმდინარე წელს, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ინტენსივობამ და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდის პროცესმა, მოგვცა ბიძგი სახელმძღვანელო და შერჩეული დოკუმენტური ფილმები დაინტერესებული მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ელექტრონული ფორმითაც მიგვეწოდებინა.
—-
პროექტი “დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ და „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“, დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და USAID-ის მიერ.
საქართველოს მისიის პროექტი, “დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ და „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“,, ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში – იმერეთში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში და სამცხე ჯავახეთში ხორციელდაბა.